თბილისი (GBC) - საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ უქმდება და რეორგანიზაციის შემდეგ უწყების ცენტრალურ აპარატში გადავა.

NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია“.

NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა.

საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.

2019 წლის სექტემბრიდან ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირია. როგორც მათ საიტზეა მითითებული, ცენტრის დაარსების მიზანი საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის „ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით, მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო, 2013 წლიდან კი, ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები“.