თბილისი (GBC) - დედაქალაქის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე და პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნებიან, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე რჩება. "მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ", - უთხრა კალაძემ ხუთშაბათს ჟურნალისტებს. კალაძემ შესაძლო კონკურენტებზეც გააკეთა აქცენტი და დასძინა: "მათ რასაც უბრძანებენ გარედან, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ".
კალაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, „ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.
„გამოთქვეს ვითომ მზადყოფნა, რომ შეიძლება თბილისი წავართვათო. მიიღონ მონაწილეობა და ვინ რას წაართმევს, მაგას ვნახავთ“, - თქვა კალაძემ.
ირაკლი კობახიძეს რაც შეეხება, მან დღეს ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, უპასუხა: "ჩემი პოზიცია არაერთგზის დავაფიქსირე, კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე".
ჟურნალისტმა ამ პასუხის შემდეგ, კობახიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „მიდის თუ არა ბიზნესში დედაქალაქის მერი, ვინაიდან კახა კალაძის გუშინდელი განცხადება წასვლა–არწასვლასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შპს "კალა კაპიტალი" დააფუძნა“.
„100% არ ვიცი, 99.9%... ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხრათ, შემიძლია დავიფიცო“, - აღნიშნა პრემიერმა.
კახა კალაძემ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია "კალა კაპიტალი" დააფუძნა, დაადასტურა.
"ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა, რამდენად გამოგვივა, არ ვიცი - ეს არის ჩემი ჰობი, ბავშვობიდან გატაცება იყო", - თქვა დედაქალაქის მერმა.
კითხვაზე, „არის თუ არა დარღვევა „კორუფციის შესახებ კანონის“, როდესაც კალაძეს ბიზნესშიც აქვს წილი“, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც მის საკუთრებაშია.