თბილისი (GBC) - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი ცენტრის თანამშრომლებს პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ცნობით, ირაკლი ფურცელაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან – 2014 წლამდე იყო „ავერსი-ფარმა”-ში სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე, იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორიც. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას”.

2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა, NCDC-ის დირექტორის მოვალეობას, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა.