თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მესამე მოსმენითაც მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კანონი ქართველი ხალხის ინტერესშია და საზოგადოება მას მხარს უჭერს.

"რამდენიმესაათიანი განხილვები იყო როგორც კომიტეტზე, ისე პლენარული სხდომის დროს. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ არგუმენტირებულ მსჯელობაში შემოსულიყვნენ. ჩანს, რომ არგუმენტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე, პარლამენტს არ აქვს რაიმე მიზეზი, რომ მესამე მოსმენით არ განიხილოს და არ მიიღოთ ეს კანონი. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მიიღებს", – თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს, ევროპარლამენტარების ნაწილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ღია წერილით მიმართეს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდეს. წერილში, ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს. 

ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ქმედებები ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯს ეწინააღმდეგება და ამის იგნორირება აღარ შეიძლება. 

აღნიშნულის საპასუხოდ 11 მაისს 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.

1–ელ მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მეორე მოსმენაზეც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.