თბილისი (GBC) - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა ორმხრივი ინტერესის სფეროები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ საუბარს X-ზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორობის განახლების აუცილებლობას.

„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.