თბილისი (GBC) - პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა ენერგეტიკის სექტორში ერთი ტრილიონი ზლოტის (დაახლოებით $270 მლრდ) ინვესტირებას გეგმავს
ერთი ტრილიონი ზლოტიდან 220 მილიარდზე მეტი (დაახლოებით $60 მლრდ) მიიმართება განახლებად ენერგიის წყაროებსა და ენერგიის შესანახ სისტემებზე, 234 მილიარდი ($63 მლრდ) - ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ხოლო 160 მილიარდი ($43 მლრდ) - ატომურ ენერგეტიკაზე.
„ევროპაში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ასე ინტენსიურად და სწრაფად ცვლის თავის ენერგეტიკულ სექტორს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
მან დასძინა, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები, როგორც არასდროს, ისე აჩვენებს ენერგიის, მიწოდებისა და რაციონალური ფასების მნიშვნელობას ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
„გდანსკთან ახლოს ჩვენ ვაშენებთ ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ამერიკელი და კანადელი პარტნიორების, პოლონური კომპანიებისა და ევროპული სახსრების ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფი იქნება. ყველაფერი, რაც პოლონეთში ხდება, არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი დასავლური სამყაროს ერთიანობის შენარჩუნება“, - დასძინა ტუსკმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი უდიდეს ენერგეტიკულ სამშენებლო მოედანს წარმოადგენს, რადგან ქვეყანას „მრავალი წლის დანაკლისის ანაზღაურება სჭირდება“.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ევროკომისიას მიმართა წერილით, რომელიც მრეწველობისთვის (მათ შორის პოლონურისთვის) ნახშირორჟანგის ემისიების უფასო კვოტების გაგრძელებას ეხება.
პოლონეთის პირველი ატომური ელექტროსადგური პომორში აშენდება ამერიკული რეაქტორული ტექნოლოგიის, AP1000-ის ბაზაზე. გასული წლის იანვარში პოლონეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყნის პირველი აეს-ის მშენებლობის დაფინანსების შესახებ.