თბილისი (GBC) – „რუსსკი მირ“–ის იდეოლოგმა, ფილოსოფოსმა ალეკსანდრ დუგინმა ამერიკელ ჟურნალისტთან თაკერ კარლსონთან ინტერვიუში თავისი შეხედულება განმარტა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მტრობს დასავლეთი პუტინს. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ვლადიმირ პუტინის მიერ 2000–იანი წლებიდან ტრადიციული ფასეულობების აღორძინების პროცესი.

„პუტინი ტრადიციული ლიდერია. როდესაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა, თავიდანვე დაიწყო ჩვენი ქვეყნის, რუსეთის გამოყვანა გლობალური გავლენებიდან. იგი გლობალურ პროგრესულ დღის წესრიგს აღუდგა წინ“, – თქვა დუგინმა.

მისივე თქმით, დასავლეთმა „იგრძნო“, რომ საქმე აქვთ იმასთან, ვინც „ტრადიციული ფასეულობების, სახელმწიფო სუვერენიტეტის, ქრისტიანობის, ტრადიციული ოჯახის“ აღორძინებას ცდილობს. ამან მუტინი შეაძულა, რასაც დუგინგი  მეტაფიზიკურ მოვლენად აფასებს. „ამ ზიზღის ფორმირებაში თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ ტრადიციული ფასეულობების დამცველი რუსეთი ბირთვულ იარაღს ფლობს“, – აღნიშნა დუგინმა.

დუგინი „ნეოევრაზიულობის“ ერთ–ერთ ლიდერად მოიაზრება – ეს არის იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელიც რუსეთის დასავლეთის სამყაროს წინააღმდეგ მოქმედებას გულისხმობს. მას „რუსსკი მირ“–ის იდეოლოგადაც მოიხსენიებენ. ფილოსოფოსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერია. უკრაინელებმა იგი „რუსი ფაშისტების“ სიაში შეიყვანეს.

დუგინის ქალიშვილი 2022 წლის 20 აგვისტოს ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. რუსეთის ეფესბე აცხადებდა, რომ მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. უკრაინა ამ ბრალდებას უარყოფს.