თბილისი (GBC) - საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
ანგარიშის მიხედვით დამუშავდა 103 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელება, დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2024-2025 წლების საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა. ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ დაუსაბუთებელ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის, ტელევიზიების, ონლაინ სააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა რეალობას და იყო სრულად უსაფუძვლო, ან რიგ შემთხვევებში მანიპულირებული.
საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის, ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება, საზოგადოებას კი მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.
ანგარიში იხილეთ ბმულზე.
(R)