თბილისი (GBC) - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე X-ზე წერს, რომ "წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებები".
ბერსეს თქმით, არასათანადო მოპყრობა გაუმართლებელია.
„ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ“, - წერს ალენ ბერსე.
გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭო მზადაა მხარი დაუჭიროს რეფორმებს.
ოთხშაბათს, 18 თებერვალს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში, რომელიც ღია დაწესებულებაა, პატიმართა არაფორმალური იერარქიაა შენარჩუნებული, შესაბამისად, იყო პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევები. დაწესებულებაში, ამავე დროს, არის პერსონალის მცირე რაოდენობა.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დელეგაციის წევრებმა საქართველოში დაათვალიერეს შემდეგი სასჯელაღსრულების დაწესებულებები: გლდანის N8 ციხე და გლდანის ციხის საავადმყოფო (N18 პენიტენციური დაწესებულება), ასევე, ქსანში მდებარე N15 ციხე. ამასთანავე, ვიზიტი შედგა ლაითურის N1 და ქუთაისის N2 ციხეებში.
ანგარიშში წერია, რომ დელეგაციის წევრებს არ მიუღიათ ინფორმაცია აღნიშნული ციხეების პერსონალის მხრიდან პატიმართა მიმართ ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ, მიიღეს მხოლოდ რამდენიმე ბრალდება სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
კომიტეტი წერს, რომ მთლიანობაში დათვალიერებულ ციხეებში იყო მშვიდი ატმოსფერო და კარგი (ზოგჯერ გულთბილიც კი) ურთიერთობა პერსონალსა და პატიმრებს შორის.
რაც შეეხება პატიმართა შორის ძალადობას: ინციდენტები იშვიათი იყო დახურული ტიპის ციხეებში (კერძოდ, N1, N2 და N8 ციხეებში), სადაც პატიმრები ჩაკეტილი იყვნენ საკნებში და დღის უმეტეს ნაწილს საკნებს შორის ურთიერთობის შესაძლებლობის გარეშე ატარებდნენ.
ანგარიშის თანახმად, ამის საპირისპიროდ, N15 ციხეში პატიმართა შორის ძალადობა უფრო ხშირი იყო, რაც გასაკვირი არ არის ნახევრად ღია რეჟიმისა და პერსონალის ძალიან მცირე რაოდენობის გათვალისწინებით: დაახლოებით 40 ბადრაგს ევალებოდა თითქმის 1 600 პატიმრის კონტროლი, რომლებიც ციხის ვრცელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.
გარდა ამისა, უწინდელივით, არსებობდა აშკარა ნიშნები იმისა, რომ N15 ციხეში კვლავ ნარჩუნდება პატიმართა არაფორმალური იერარქიის გავლენა. ეს ნიშნები იმავე ხასიათის იყო, რაც დეტალურად არის აღწერილი 2021 წლის სპეციალური ვიზიტის ანგარიშში, მათ შორის: ტიპური სიმბოლოების თვალსაჩინო გამოხატვა (კერძოდ, „ქურდული სამყაროს“ რვაქიმიანი ვარსკვლავები), აშკარა განსხვავება საკნების პირობებს შორის და პატიმართა გასაოცარი თავშეკავება დელეგაციასთან საუბრისას, ასევე, მათი ტენდენცია, უარყონ აშკარა და დადასტურებული ფაქტებიც კი (როგორიცაა დოკუმენტირებული კონფლიქტები და დაზიანებები).
CPT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა პატიმართა შორის ძალადობისა და დაშინების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით ყველა ციხეში, მაგრამ განსაკუთრებით ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში („ზონებში“), მათ შორის N15 ციხეში.
ეს უნდა მოიცავდეს პატიმართა ქცევის მუდმივ მონიტორინგს (მათ შორის, სავარაუდო მოძალადეებისა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებას), პატიმართა შორის დაშინების/ძალადობის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევების სათანადო აღრიცხვა-შეტყობინებასა და ყველა ინციდენტის საფუძვლიან გამოძიებას.
თუმცა, ამავდროულად, კომიტეტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევა იქნება ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელი ამჟამად არსებულ ნახევრად ღია ციხეებში, განსაკუთრებით „ღია კარის“ რეჟიმის, აქტივობების ნაკლებობისა და პერსონალის ძალიან მცირე რაოდენობის გათვალისწინებით.
CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ N15 ციხის ჯანდაცვის სამსახურს გამოეყოს დამატებითი სივრცე (სულ მცირე 2-3 დამატებითი ოთახი).
დელეგაციამ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ხორციელდებოდა სისტემატური და კარგად შესრულებული სამედიცინო სკრინინგი დაწესებულებაში შესვლისას, მათ შორის ინფექციურ დაავადებებზე სკრინინგი და დაზიანებების აღრიცხვა-შეტყობინება (N15 ციხის გამოკლებით, სადაც დაზიანებები ცუდად იყო აღრიცხული, ხოლო ექიმებს არ უცდიათ, შეეფასებინათ დაზიანებების თავსებადობა პატიმართა მიერ მოწოდებულ, ხშირად სამედიცინო თვალსაზრისით სრულიად დაუჯერებელ ახსნა-განმარტებებთან).
კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, გადაიდგას ნაბიჯები ამის გამოსასწორებლად, კერძოდ, N15 ციხეში მომუშავე ექიმებისთვის სათანადო ტრენინგის გზით.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხი ყველა მონახულებულ ციხეში იყო ის, რომ პირველადი სკრინინგი არ მოიცავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ასპექტების ჯეროვან შეფასებას, მათ შორის ტრავმისა და სუიციდის რისკს.
CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ შესაბამისად შეიცვალოს პირველადი სკრინინგის პროცედურა.
გარდა ამისა, ზემოხსენებული დაზიანებების აღრიცხვისა და შეტყობინების კარგი პროცედურა (როდესაც ანგარიშები ეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სხეულის რუკებისა და ფოტოების თანხლებით) გამოიყენებოდა მხოლოდ სამართალდამცავი (პოლიციის ან ციხის) თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დროს, ან როდესაც არსებობდა სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებდა მსგავს არასათანადო მოპყრობაზე, თუნდაც ბრალდების არარსებობის პირობებში.
ამის საპირისპიროდ, როდესაც დაზიანებები გამოწვეული იყო პატიმართა შორის ძალადობით (ან, სავარაუდოდ, მისგან მომდინარეობდა), აღრიცხვა უფრო ზედაპირული იყო (ფოტოების გადაღების გარეშე), ხოლო ანგარიშები მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ეგზავნებოდა.
CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ პატიმართა შორის ძალადობის შედეგად მიყენებული (ან სავარაუდოდ მისგან მომდინარე) დაზიანებების მიმართ გამოსაყენებელი პროცედურა გაუთანაბრდეს იმ პროცედურას, რომელიც გამოიყენება პოლიციის ან ციხის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებების (ან ნიშნების) დროს.
ანგარიშის თანახმად, ყველა მონახულებულ დაწესებულებაში არსებობდა პატიმართა ინდივიდუალური სამედიცინო ბარათები და ისინი, როგორც წესი, კარგად იყო წარმოებული.
თუმცა, როგორც წარსულში, სამედიცინო კონფიდენციალურობა ყოველთვის არ იყო დაცული, რადგან, პირველ რიგში, სამედიცინო კონსულტაციაზე მოთხოვნა უნდა გაკეთებულიყო ღია ფორმით ზედამხედველი პერსონალის მეშვეობით და, მეორე მხრივ, სამედიცინო შემოწმება ზოგჯერ კვლავ ტარდებოდა ზედამხედველი ოფიცრების თანდასწრებით.
CPT კიდევ ერთხელ იძლევა რეკომენდაციას, რომ გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს ყველა ციხეში პატიმრებისთვის ჯანდაცვის სამსახურზე კონფიდენციალური წვდომის უზრუნველსაყოფად. მოთხოვნის ფორმების დალუქული კონვერტებით წარდგენა უნდა გახდეს სტანდარტული პროცედურა; ამ მიზნით, ფორმები პატიმრებს ყოველთვის კონვერტებთან ერთად უნდა გადაეცეთ. კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს მისი მრავალწლიანი რეკომენდაცია, რომ სამედიცინო შემოწმებები/კონსულტაციები, როგორც წესი, ჩატარდეს არასამედიცინო პერსონალის მხედველობისა და სმენადობის არეალის მიღმა, სამედიცინო კონფიდენციალურობის სრული გარანტიით.
CPT კიდევ ერთხელ იმეორებს, შეშფოთებულია პატიმრებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის (ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური) კუთხით არსებული სისტემური სერიოზული ხარვეზებით. კერძოდ, კვლავ არ იყო საკმარისი რაოდენობის ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. გარდა ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი იყო ხელმისაწვდომი ფარმაკოთერაპიის გარდა.
CPT კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს ძალისხმევა პატიმრებისთვის ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის გასაძლიერებლად პროფესიული პირველადი და უწყვეტი სკრინინგის პროცესზე დაყრდნობით. კერძოდ, გააუმჯობესოს ფსიქიატრებთან წვდომა ყველა ციხეში, შესთავაზოს სხვა თერაპიები, გარდა მედიკამენტოზურისა (მაგ. ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპია, არტთერაპია და ოკუპაციური თერაპია) და უზრუნველყოს თერაპიული აქტივობები ციხეებში მომუშავე ფსიქოლოგების ჩართულობით.
კომიტეტი ასევე კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიეროს ფსიქოლოგიური დახმარება ციხეებში და განავითაროს ციხის ფსიქოლოგების მომზადება და როლი, განსაკუთრებით სხვადასხვა კატეგორიის პატიმრებთან თერაპიული კლინიკური მუშაობის კუთხით.
ანგარიშის თანახმად, ამ კონტექსტში, საჭიროა ძალისხმევა სათანადო დროს კლინიკურად მომზადებული ფსიქოლოგების დასასაქმებლად, რომლებიც უნდა იყვნენ ჯანდაცვის გუნდის ნაწილი და რომელთა მუშაობისას თავიდან უნდა იქნეს აცილებული ორი ურთიერთგამომრიცხავი როლის შეთავსება, როგორიცაა რისკების შეფასება და თერაპიული კლინიკური მუშაობა.
კომიტეტი წერს, რომ მონახულებულ ციხეებში ასევე იმყოფებოდა მრავალი პატიმარი ადიქციის (დამოკიდებულების) პრობლემებით, რომლებზე რეაგირებაც კვლავ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დეტოქსიკაციით (N2 და N8 ციხეებში და ციხის საავადმყოფოში), რაც ზიანს აყენებს აუცილებელ უფრო ფართო მიდგომას, რომელიც მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული დარღვევებისათვის, როგორც ჩამნაცვლებელ თერაპიას. როგორც ადრე, არ არსებობდა ზიანის შემცირების ღონისძიებები მათ შორის ნემსებისა და შპრიცების გაცვლის პროგრამები.
CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაგრძელდეს ძალისხმევა ციხეებში ადიქციის პრობლემაზე რეაგირების განსავითარებლად.
ამ კონტექსტში, CPT-ისთვის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა საქართველოს ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დანიშნული სავალდებულო მკურნალობის შემოღებას, როგორც დამატებით ღონისძიებას ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდადებული პირებისთვის.
კომიტეტს სურს მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ გეგმების შესახებ, მათ შორის ასეთი სავალდებულო მკურნალობის დაკისრების გათვალისწინებულ პროცედურასა და მის დაგეგმილ შინაარსზე.