თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $1.6 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი $480.4 მლნ-ს შეადგენს (გაიზარდა 19%-ით), ხოლო იმპორტი $1.12 მილიარდს (შემცირდა 33.7%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში $649.1 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ჩინეთი - $66.1 მლნ
  • თურქეთი - $52.1 მლნ
  • ყირგიზეთი - $49.9 მლნ

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • თურქეთი - $195 მლნ
  • ჩინეთი - $157.3 მლნ
  • რუსეთი - $156.8 მლნ

2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • თურქეთი - $247.1 მლნ
  • ჩინეთი - $223.3 მლნ
  • რუსეთი - $195.4 მლნ

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $100.7 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $58.7 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.2%), ხოლო ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მესამე ადგილზეა $51 მლნ-ით (10.6%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $150 მლნ და მთელი იმპორტის 13.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $96.7 მლნ-ით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $79.1 მლნ-ით (იმპორტის 7%).