თბილისი (GBC) - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება. კერძოდ, "საია" მოითხოვს: 1. ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, 2. არჩევნების შედეგების გაუქმებას, 3. ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

„ხმის მიცემის ფარულობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. ეს უფლება არის დემოკრატიული პროცესების საფუძველი, ხოლო მისი უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას“, – წერს ორგანიზაცია.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკოს მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგებით, „ქართულ ოცნებას” 89 მანდატი აქვს, ხოლო ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამში – 61 მანდატი.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.

17 ნოემბერს ოპოზიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კარვები გაშალა და გზა გადაკეტა.

თბილისის ქუჩებში მოქალაქეების პროტესტი ამ ეტაპზეც გრძელდება.