თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ ორშაბათს, 25 ნოემბერს, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 18 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მომავალ ორშაბათს, საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს უნდა წარვუდგინოთ სამთავრობო 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული.
ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს”, – განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს.
კულტურის სამინისტროს – თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.