თბილისი (GBC) - აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 მანდატი განაწილდა შემდეგნაირად: „კოალიცია ცვლილებისთვის” – 1 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” – 4 მანდატი „ძლიერი საქართველო” – 1 მანდატი; „გახარია – საქართველოსთვის” – 2 მანდატი; „ქართული ოცნება” – 13 მანდატი.

„ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მიეღო, ამ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს, იყო ამ ოქმზე ხელის მოწერა. კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის განვმარტავ, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურ განცხადებას ვერ გააკეთებს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის ყველა ამომრჩეველი, ყველა პოლიტიკური სუბიექტი და ყველა მოქალაქე არის არჩევნებში ამომრჩეველი”, – განაცხადა უსკოს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ სხდომის შემდეგ.

კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ხმაურის ფონზე წარიმართა სხდომაც, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებით დაიწყო. ისინი თავმჯდომარეს მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ შემაჯამებელი ოქმი, რადგან, მათი თქმით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არ აპირებს აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას, რადგან „არჩევნები ხელისუფლებამ მოიპარა” და ლეგიტიმაციას არ მისცემენ „ქართულ ოცნებას”.