თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისსა და ბელგრადს შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე საერთო ხედვა და გამოწვევები აკავშირებთ. მისივე თქმით, სერბეთის ლიდერის ვიზიტი „გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენაა“, რომელიც ორმხრივ კავშირებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს.

კობახიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალს და მიესალმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე აქტიურ მუშაობას.

„ამ პროცესში დიდი წარმატება გვაქვს, მხოლოდ რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი, რის შემდეგაც ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას,“ — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების აუცილებლობასაც. მისი განცხადებით, საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილი, მზად არის გააღრმაოს პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იქნეს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო პოტენციალი.

ეკონომიკური დღის წესრიგის გარდა, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება და სუვერენიტეტის პრინციპები. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ალექსანდარ ვუჩიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და დაადასტურა, რომ საქართველო ასევე ურყევად უჭერს მხარს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს.

პრემიერმა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა სერბეთის გადაწყვეტილებას თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ და დასძინა, რომ ეს დიპლომატიური წარმომადგენლობა კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ დიალოგს.