თბილისი (GBC) – საქართველოში უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა კიდევ უფრო იზღუდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები 1 000 000 ლარამდე მოცულობის კრედიტებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გასცემენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება სების ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მაისში მიიღო, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15 ივნისის ბრძანებით ოფიციალურად დადასტურდა. აღნიშნული ცვლილებით ძალადაკარგულად ცხადდება 2025 წლის ივლისის ბრძანება, რომლითაც სავალდებულო ლარიზაციის ზღვარი 750 000 ლარით იყო განსაზღვრული. ახალი რეგულაციით, ეს ნიშნული 1 მილიონ ლარამდე იზრდება.

ახალი წესის მიხედვით, მოქალაქეები და კომპანიები, რომელთა შემოსავალიც ლარშია, 1 მლნ ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ამასთან, ეროვნული ბანკი აკონკრეტებს, რომ ლარით გაცემულად არ ჩაითვლება ნებისმიერი კრედიტი, რომელიც რაიმე ფორმით არის მიბმული ან ინდექსირებული უცხოურ ვალუტაზე. რეგულაცია ასევე ვრცელდება ფიზიკური პირის თავდებებზე, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში — საბანკო გარანტიისა და აკრედიტივის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებებზეც.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შეზღუდვა არ გავრცელდება რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაზე, კერძოდ:

  • თუ სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები კონკრეტული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ 1 მილიონ ლარს აჭარბებს;
  • თუ მსესხებელი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში არარეგისტრირებული იურიდიული პირია;
  • თუ სესხი სრულად არის უზრუნველყოფილი იმავე უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტით/ფულადი სახსრებით;
  • თუ მსესხებელი სესხის მომსახურებისთვის საკმარის შემოსავალს სრულად იღებს შესაბამის უცხოურ ვალუტაში;
  • თუ ხდება არსებული სესხის რეფინანსირება ან რესტრუქტურიზაცია იმავე ვალუტაში და ვალდებულების მოცულობა არ იზრდება.

ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შევა და მისი მიზანი ფინანსურ სექტორში სავალუტო რისკების შემცირება და ეკონომიკის ლარიზაციის პროცესის მხარდაჭერაა.