თბილისი (GBC) - „საქართველოს რკინიგზა“ პარასკევს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო განახლებას კატეგორიულად უარყოფს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

რა განაცხადა რუსულმა მხარემ?

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა 12 თებერვალს განაცხადა, "განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა".

“მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, - თქვა ოვერჩუკმა.

მისი თქმით, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ერასხის რაიონს დააკავშირებს აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ისევე, როგორც აჰურიანის რაიონს თურქეთის რკინიგზასთან.

ოვერჩუკის თანახმად, რკინიგზის აღდგენა უზრუნველყოფს რუსეთის დაკავშირებას აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან, რომელსაც სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის პორტებზე გასასვლელი აქვს.

აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა 90-იანი წლების დასაწყისიდან, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ არის გაწყვეტილი. მისი აღდგენის საკითხი პერიოდულად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა თბილისი ამას ყოველთვის უკავშირებს ქვეყნის დეოკუპაციისა და იურიდიული სტატუსის საკითხებს.

ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზის“ პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: რუსული მხარის მიერ დაანონსებული პროექტი ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ არის.