თბილისი (GBC) - თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი დამატებითი კვლევის დაფინანსება დაემატება, რომელსაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნას გახდის შესაძლებელს, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ, 31 ივლისს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის, C და B ჰეპატიტისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რომელსაც თბილისის მერია სრულად დააფინანსებს.
„ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნა, თავის მხრივ, საქართველოში ძვლის ტვინის ალოგენური (არანათესაური) გადანერგვის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს პაციენტისა და მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გარკვეულწილად, მათ ფინანსურ და ემოციურ ტვირთს შეუმსუბუქებს. საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლები გასული წლის ბოლოს იმყოფებოდნენ ჩვენს ქვეყანაში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მერიაში შეხვედრები გამართეს, სადაც შეთანხმდნენ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
„საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შესაქმნელად, მოხალისე დონორთა ბაზის არსებობა ხდება საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია პოტენციური დონორების კვლევა. კერძოდ, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრის (HLA), C და B ჰეპატიტის და სხვა კვლევები უნდა ჩაუტარდეთ, რასაც მერია სრულად დააფინანსებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.