თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოთხშაბათს დამტკიცებულმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი გაიხსნება. მისივე თქმით, "სხვადასხვა მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები გაძლიერდება, ჩატარდება ტრენინგები".
მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები იმისათვის, რომ შესაბამისობაში ვიყოთ იმ მკაფიო განაცხადთან, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა“.
„ჩვენმა ქვეყანამ, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, პრეტენზია განაცხადა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო არის შემდგარი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. შესაბამისად, ძლიერი უსაფრთხოების სამსახურის გარეშე შეუძლებელია ამ ამბიციურ მიზანთან მიახლოებაც კი. ჩვენ რადგან ეს დაბეჯითებით, მკაფიოდ ვთქვით მთელი მსოფლიოს წინაშე, მე ვფიქრობ, რომ ჩემი დავალება გუნდისგან, ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას ამ მიზანთან შესატყვისი და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ჰყავდეს", - თქვა მდინარაძემ.
მისვე განცხადებით, მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას და ქვეყანას არ ექნება ამ უსაფრთხოების სამსახურის სპეციალიზებული სასწავლებელი.
'მე არ ვსაუბრობ იმ ფორმით, რაც ვთქვათ, უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე, მოდიფიცირებული ვერსია, რომ სპეციალური ცოდნა მიიღონ უსაფრთხოების სამსახურის მომავალმა თანამშრომლებმა, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე ვიზრუნებ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მამუკამ მდინარაძემ 3 სექტემბერს სუსის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების” წევრია და პარლამენტის დეპუტატი იყო.