თბილისი (GBC) - პარლამენტში ინიციირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ერთი და იმავე პირის არაუმეტეს ორჯერ დანიშვნის შეზღუდვა უქმდება. ცვლილების ავტორები მიიჩნევენ, რომ არსებული ნორმა გამოცდილი კადრების შენარჩუნებას უშლის ხელს და ინსტიტუციურ სტაბილურობას აფერხებს.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოიღებენ იმ პუნქტს, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე პირის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ორზე მეტი ვადით ყოფნას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რამდენიმე ძირითადი არგუმენტია მოყვანილი:

  • გამოცდილი კადრების შენარჩუნება: ავტორთა თქმით, მოქმედი შეზღუდვა ხელს უშლის ეფექტიან ხელმძღვანელს, გააგრძელოს საქმიანობა უწყებაში.
  • ინსტიტუციური სტაბილურობა: ცვლილება მიზნად ისახავს უწყების უწყვეტ განვითარებას და პროფესიონალიზმის წახალისებას.
  • შედეგზე ორიენტირებულობა: აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იქნება მის მიღწეულ შედეგებსა და პროფესიულ ნდობაზე და არა „წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე“.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დეპუტატებმა: შოთა ბერეკაშვილმა, ლევან მაჭავარიანმა, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, გიორგი ბარვენაშვილმა და თორნიკე ბერეკაშვილმა წარადგინეს.

ინიციატორების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს მონაცემთა ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტების უფრო ეფექტიან დაცვას გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ამჟამად გოგიტა თოდრაძე იკავებს. იგი ამ თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა. მისი ბოლო დანიშვნა (მეორე ვადით) 2022 წელს მოხდა, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით მას უფლებამოსილება 2026 წელს ეწურებოდა.