თბილისი (GBC) - შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეს, აქციის ერთი - ერთი მონაწილე გიორგი ბიწაძე ცუდად გახდა და იგი კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში დღეს, 30 სექტემბერს წერდა: "სიცოცხლით და იუმორით სავსე გიორგი ცუდად გახდა. ლაპარაკიც უჭირდა გასინჯვის დროს. 39 ჰქონდა შაქარი, რომ გაუზომეს. ცოტა ხნის მერე უკონტაქტო გახდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს”. მოგვიანებით კი მარიამმა ამბავი ისევ განაახლა და დაწერა, რომ: "საავადმყოფოდან მობრუნებულს საქმეს ურჩევს პოლიცია "ერთი ერთზე".
ორშაბათს, 30 სექტემბრის, დილას შუქრუთელები მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რადგან მოესმინათ პასუხი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი. თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა. მოშიმშილეების თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიციამ მათ ვადა საღამომდე მისცა.
კვირას, 29 სექტემბერს, პარლამენტის წინ მოშიმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ და მაქსიმალური მობილიზების ფონზე, პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ პარლამენტთან ლეიბების გაშლა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, პარლამენტთან შუქრუთელებმა ღამე მაინც გაათენეს.
პროტესტმა სოფელ შუქრუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ 11 სექტემბერს გადმოინაცვლა.
შუქრუთელები თითქმის 200 დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების და მოშიმშილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.
13 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის მოშიმშილეებს, უპასუხა: "ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება".
ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე მყოფ მოშიმშილეებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მაღალი საჯარო ინტერესის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით 3 ძირითადი მიმართულება გამოკვეთა: 1. შეკრების მონაწილეებისათვის კარვის გაშლის უფლება, 2. მცხოვრებელთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი, 3. თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებების შესაძლო დარღვევა.
სამშაბათს, 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება სოფელ შუქრუთის მორიგი სოლიდარობის აქცია.
აქციის დროს მსვლელობა გაიმართება ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ.
ფოტოები: მარიამ ნიკურაძე