თბილისი (GBC) - კრემლთან დაახლოებული სააგენტო ТАСС რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი ოლისოვი დაინიშნა.
„დიმიტრი ოლისოვი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ოლისოვი ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში 2002 წლიდან მუშაობს და აქამდე სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში, ისე საზღვარგარეთ. კერძოდ, ლატვიაში რუსეთის გენერალურ საკონსულოში, ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობასა და გერმანიაში რუსეთის საელჩოში.
ТАСС წერს, რომ 45 წლის დიპლომატი საუბრობს ინგლისურად, ლატვიურად და გერმანულად.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოლისოვმა დიმიტრი ტროფიმოვი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, თუმცა მაისში ტროფიმოვმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ საქართველოში „იმ მსახიობებისა და რეჟისორების სპექტაკლების ბილეთების ყიდვით, ვინც რუსებს შეურაცხყოფას აყენებდა და რუსეთს და პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის დაწყებას აბრალებდა“.
ეს ინფორმაცია თებერვალშივე უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განაცხადა, რომ ტროფიმოვის გაწვევა როტაციის ნაწილი იყო.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ხოლო, 2009 წლის 5 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შვეიცარიის საელჩოების მეშვეობით ჰყავთ წარმომადგენლობები („ინტერესების სექციები“) თბილისსა და მოსკოვში.