თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თავად გაბიტაშვილმა მისი კანდიდატურის წარდგენისას გაკეთებულ საკმაოდ მოკლე განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მის 20-წლიან კარიერას პროკურატურაში, რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე. 

გაბიტაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე ცოტნე ყავლაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანების თანახმად, გენერალური აუდიტორის თანამდებობა დატოვა და ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო, გადამწვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას.

ამიტომ, გუნდთა და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაბიტაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ, 2024 წლის 18 ივლისს პარლამენტმა იგი 6 წლის ვადით აირჩია გენერალურ პროკურორად. თუმცა 20-წლიანი სამუშაო სტაჟის ნაწილი მან დააგროვა წინა ხელისუფლების დროს საგამოძიებო უწყებებში მუშაობისას, კერძოდ:

  • 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
  • 2007-2010 წლებში ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში;
  • 2010-2011 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორი;
  • 2011-2013 წლებში ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.

ინფორმაციისთვის, გაბიტაშვილს 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა. ამ ეტაპზე კი უცნობია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი.