თბილისი (GBC) – რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვების დაწყებაზე ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ „ექო კავკაზა“ წერს. სააგენტოს ცნობით, 3 მაისისთვის დაგეგმილია პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით, ფრენას შეასრულებს ავიაკომპანია „ЮВТ АЭРО“ (UVT AERO). 6 მაისიდან კი ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია „Икар" (Ikar).

თავდაპირველად ცნობილი გახდა რომ "როსავიაციამ" ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ფრენის ნებართვა მისცა ავიაკომპანია „АйФлай-ს" (iFly).

ასევე მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან ფრენისთვის კი - ავიაკომპანია Nordstar–ს, თუმცა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ამ კომპანიებისთვის ფრენის ნებართვის თარიღი მითითებული არაა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამია: „რეგულარული პირდაპირი ავია შეტყობინება თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდება. გრძელდება რეისების რაოდენობის დამატებისა და სხვა ავია გადამზიდავების მოზიდვის სამუშაოები“.

ინფორმაციისთვის, ზემოთ დასახელებული ოთხივე კომპანია სანქცირებულია და აკრძალული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა.

მანამდე მედიაში გამოქვეყნდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება. მასში ვკითხულობდით, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს ახორციელებენ რუსული ავიახაზები Red Wings და Azimuth, რომლებიც დასავლეთის სანქციების სიაში არ შედიან.