თბილისი (GBC) – ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ნინო ხარაიშვილმა სამშაბათს განაცხადა, რომ აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 21 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას.

ექიმის თქმით, 21 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათ უთხრა, რომ დაზიანება სავარაუდოდ ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით.

„21 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით. დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე,“ - განაცხადა ექიმმა.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, დაკავებულია 230-ზე მეტი დემონსტრანტი. სასამართლო სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბრის დილას გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36-ს შეეფარდა ჯარიმა, 34-ს - ადმინისტრაციული პატიმრობა.

უწყებას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია დაკავებულებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ.