თბილისი (GBC) - იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას მოადგილედ ოთხშაბათს თამარ ზოდელავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზოდელავა აქამდე „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელად.

საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გრანტების გასაცემად სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა.