თბილისი (GBC) - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში გამართულ საპროტესტო აქციებს X-ზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში "მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გასაპროტესტებლად".

"მე ვდგავარ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უპასუხონ მათ კრემლის სტილის ჩახშობით“, – წერს სენატორი.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 110 დღეზე მეტია გასული. ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით.

ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, მართველი პარტია აღარ აპირებდა „2028 წლამდე“, დღის წესრიგში დაეყენებინა ევროპის კავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ გაამკაცრა კანონები - შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. 

საპროტექტო აქციების დაწყების პირველ კვირებში, აქციის მონაწილეთა დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლმდენ აირს. მოქალაქეების თავის დასაცავად და აქციაზე დასაბრუნებლად იყენებდნენ სპეციალურ აღჭურვილობას.

ნიღბიანი პირები, რომელთა იდენტიფიცირებაც არ ხდება, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს, მათ ნაწილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

აქციაზე დაშავდა სულ მცირე 70 ჟურნალისტი. 

სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია 50-მდე მოქალაქე.