თბილისი (GBC) - „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით სამთავრობო უწყებების და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი ჩაატარა. ამასთან, ამ პერიოდში მოხდა მედიასაშუალებებთან პარტნიორობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და საჯარო უწყებების მხრიდან ამ ინფორმაციაზე რეაგირების მონიტორინგი. კვლევის თანახმად, საჯარო უწყებებში გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილების თემატიკა ძირითადად სოციალური დასაქმების პროგრამას უკავშირდებოდა (22%), საიდანაც 55% უპასუხოდ დარჩა, მიღებული პასუხების თითქმის ნახევარი – 49% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი დაბრუნდა მხოლოდ 12%-ის შემთხვევაში და ნაწილობრივი (10%).
მეორე თემა, რომელიც დომინირებდა – მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვას ეხებოდა, საერთო მონაცემების 20%-ია, უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა ერთი მეოთხედი - 25%. მიღებული პასუხებიდან 31% ვადის დარღვევით დაბრუნდა. სრულყოფილი პასუხი მოვიდა 24%-ის შემთხვევაში.
„მონიტორინგის შედეგად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირებამ სისტემური პრობლემა გამოიკვეთა. შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ამ მონაცემებს. საგულისხმოა, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საქართველოს კანონმდებლობით არის გარანტირებული.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითად უფლებას, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მიღების წესს, ადმინისტრაციულ უწყებების ვალდებულებაა უზრუნველყონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დროული და ჯეროვანი მიწოდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთწლიანი კვლევის განმავლობაში „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედ 46 მედიასაშუალებასთან ითანამშრომლა. ამ პერიოდში პროექტში ჩართული აქტორების დახმარებით და მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებში და სამთავრობო უწყებებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ გაგზავნილი 1863 წერილი შეგროვდა და დამუშავდა.
„წერილების საერთო რაოდენობიდან 1099 წერილზე ჟურნალისტებმა მიიღეს პასუხი, თუმცა თითქმის ერთი მესამედი, 341 (31%) – კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც გარდა იმისა, რომ ნათლად მიანიშნებს მმართველობითი ინსტიტუტების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ღიაობის ხელშეწყობის დაბალ ხარისხზე, ასევე მედიისთვის დაგვიანებით მიღებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში კარგავს რელევანტურობას, რაც მათ საქმიანობაში ხელისშემშლელი ფაქტორია.
დაბრუნებული პასუხების საერთო რაოდენობიდან კი, მხოლოდ 44% (488) პასუხობდა მოთხოვნას სრულყოფილად, ხოლო 52% (569) ნახევარზე მეტი – მხოლოდ ნაწილობრივ იძლეოდა გამოთხოვილ ინფორმაციას, რაც ასევე მედიისთვის ხარისხიანი მასალის მოსამზადებლად ხელოვნურ ბარიერებს წარმოადგენს. 27 (2%) წერილის პასუხად უარი გამოიგზავნა, 15 (1%) წერილს კი სხვა სტატუსი აქვს”, – აღნიშნულია შედეგებში.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:
- საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მატარებელი უწყებები მიღებული მოთხოვნების 41% არ რეაგირებს, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%);
- მთლიანობაში ცენტრალური და ადგილობრივი უწყებები ინსტიტუტებში შესულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა მხოლოდ 26%-ს გაეცემა სრულყოფილი პასუხი;
- ცენტრალური უწყებები ნახევარზე მეტ შემთხვევაში (53%) არ პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. ამასთანავე, წერილების 11%-ზე ვადის გადაცილებით პასუხობენ;
- ცენტრალური უწყებები იშვიათად გასცემენ სრულყოფილ პასუხებს (19%);
- ადგილობრივ უწყებებში უპასუხოდ რჩება მოთხოვნათა 38%, ხოლო ვადაგადაცილებით ბრუნდება – 20%;
- ადგილობრივი უწყებები მიერ მიღებული წერილებიდან სრულყოფილად გაეცა პასუხი 28%.