თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, "საქართველო აპროტესტებს: ქართველების კიდევ ერთი ძლიერი ღამე, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად". პრეზიდენტი აცხადებს, რომ “ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს!”

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის, პრეზიდენტის და საერთაშორისო პარტნიორების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებულია.

კობახიძემ თავისი პარტიის არგუმენტები მოიყვანა, რომლებითაც ეს გადაწყვეტილება გაამყარა. მისივე თქმით, საქართველო ღირსებით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და საკუთარი ხარჯებით დააფინანსებენ რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

საპროტესტო აქციების უწყვეტი ტალღა დღემდე გრძელდება.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

1-2 დეკემბერსაც შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს.

მედიის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ შსს-ს სპეცრაზმელები მომიტინგეებს დასდევენ ქალაქის ქუჩებში, მათ შორის, აქციიდან გაქცეულ მომიტინგეებს ჰყვებიან: მეტროში, აფთიაქში, მაღაზიაში და ქაშვეთის ეკლესიაშიც კი.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, შსს-ს მონაცემების მიხედვით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებულია 224 პირი.

დაკავებულთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ, მათგან 36 დააჯარიმეს.

დასრულებული 74 საქმიდან, 36 ადამიანი დააჯარიმეს, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

4 ადამიანს მისცეს შენიშვნა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი.