თბილისი (GBC) – გერმანიის ხელისუფლება არც ადასტურებს და არც უარყოფს ტელეკომპანია CNN–ის ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთი თავდასხმას გეგმავდა არმინა პაპერგერზე, გერმანული კონცერნის Rheinmetall ხელმძღვანელზე, რომელიც უკრაინისთვის იარაღს აწარმოებს. 

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და მათ შორის მიმართავს კიბერთავდასხმებს და დივერსიებს ინფრასტრუქტურაზე.

„ეს კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენ, როგორც ევროპელები, ვალდებულები ვართ უკეთ დავიცვათ თავი და არ ვიყოთ გულუბრყვილონი“, – ციტირებს მინისტრს სააგენტო Reuters.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მაგრამ აღნიშნა: „გერმანიის ხელისუფლება რუსული რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებს ძალიან სერიოზულად უდგება. ჩვენი უსაფრთხოედის სტრუქტურები ძალიან ყურადღებით არიან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად შესაბამისად მუშაობენ“.

ინფორმაცია, რომ ამერიკის და გერმანიის სპეცსამსახურებმა პაპერგერზე თავდასხმა აღკვეთეს, ხუთშაბათს კიდევ ორმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაადასტურა – ამერიკულმა New York Times–მა და ბრიტანულმა Financial Times.

პაპერგერი კრემლის სპეცსამსახურების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან უკრაინაში საბრძოლო მასალების ფაბრიკის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.