თბილისი (GBC) – პოლონეთის ცაზე ყველა რუსული მოიერიშე დრონი ჩამოაგდეს, აცხადებს პოლონეთის არმიის ოპერატიული სამეთაურო შტაბი.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ამჟამად დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებს იძიებენ. დრონების ჩამოგდებაში პოლონეთს NATO-ს და ნიდერლანდების ავიაცია დაეხმარა.
პოლონელმა სამართალდამცავებმა პირველი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ჩოსნუვკაში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლონეთმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც დღეს, 10 სექტემბერს, დილიდან გაიმართება.
სააგენტო Reuters წერს, რომ ევროკავშირმა პოლონეთს 43 მლრდ ევროზე მეტი გამოუყო, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პირობებში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
დღეს დილიდან პოლონეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტუსკი ძალოვან მინისტრებთან მართავს შეხვედრებს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლონეთის „სუსტი პასუხი“ რუსეთის დრონების შეტევაზე კიდევ უფრო მაპროვოცირებელია კრემლისთვის.
„სუსტი პასუხი კიდევ უფრო აპროვოცირებს რუსეთს და რუსული რაკეტები და დრონები უფრო ღრმად შეფრინდებიან ევროპაში. ეს სიტუაცია გვიჩვენებს, რომ აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს, მიიღონ გადაწყვეტილება პარტნიორებმა, რომ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოახდინონ რუსული საფრენი აპარატების განადგურება უკრაინის ცაზე“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
მომხდარის კომენტირებისგან აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა და ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა რაც მოხდა პოლონეთის ცაზე, თავი აარიდა.
წუხელ რუსეთმა პოლონეთზე მასირებული დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომელშიც ჩართული იყო, Shehed-ების 2 ჯგუფი – 12 და 5 დრონის მონაწილეობით. თავდასხმები განხორციელდა აღმოსავლეთ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რის გამოც დაიხურა პოლონეთის, მათ შორის დედაქალაქის საჰაერო სივრცე. პოლონეთის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამდენიმე საათის განმავლობაში ანეიტრალებდნენ რუსულ დრონებს.