თბილისი (GBC) – ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი შესახვედრად მოსკოვში მიიწვია, „რათა ილაპარაკონ, და არა კაპიტულაციისთვის“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა. „ეს იყო პუტინის წინადადება და ჩვენ ვნახეთ, რომ ზელენსკიმ უარყო ეს შეთავაზება“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
მანამდე პუტინმა თქვა, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთხოვა ზელენსკისთან შეხვედრა. „თუ ზელენსკი მზადაა მოსკოვში ჩამოსასვლელად, ასეთი შეხვედრა შედგება“, – აღნიშნა მან. თუმცა ზელენსკიმ ამ „მიწვევაზე“ უარი განაცხადა. „ვფიქრობ, თუ არ გინდა, რომ შეხვედრა გაიმართოს, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო“, – თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ თავისთავად, შეხვედრა საჭიროა და რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის ყველაფერს აკეთებს შეხვედრის მაქსიმალურად დროში გადასადებად. მისივე თქმით, თავად ფაქტი, რომ პუტინმა შეხვედრის შესახებ საუბარი დაიწყო, უკვე არ არის ცუდი.
მანამდე პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყო პუტინით, უკრაინაში დარეგულირების მიმართულებით პროგრესის არარსებობის გამო. ტრამპმა პირობა დადო, რომ „გააკეთებს რამეს“, რათა უკრაინაში ხალხს დაეხმაროს, „იცოცხლონ“.