თბილისი (GBC) - გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში ომის შეჩერების სანაცვლოდ, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ალასკაზე და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მიწაიშვიათ წიაღისეულზე წვდომა შესთავაზოს.
გამოცემა ასევე განიხილება, რუსული საავიაციო მრეწველობისთვის გარკვეული ამერიკული სანქციების მოხსნა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, აშშ-მა და რუსეთმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პროგრამა უკვე შეათანხმეს.
იური უშაკოვის თქმით, შეხვედრა გაიმართება ალასკის ქალაქ ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზის, ელმენდორფ-რიჩარდსონის ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ შენობაში.
მისივე თქმით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება 5+5-ის ფორმულით.
„პრეზიდენტების გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თითოეული ქვეყნის დელეგაციის ხუთი წევრი, იქვე ახლოს იქნებიან ექსპერტებიც“, – განაცხადა უშაკოვმა.
13 აგვისტოს CNN ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერდა, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს.
ევროპელი დიპლომატების ცნობით, გუშინ, 13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალასკაზე, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკება მის საქმეს არ წარმოადგენს.
დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე შედგება.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.