თბილისი (GBC) - საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ბიზნესის მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დაასახელა.

საქართველოს ბანკმა სამი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო:

  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში
  • საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი და ეფექტიანობა.

„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

ჯამში საქართველოს ბანკს Global Finance-ის 2025 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 34 ჯილდო გადაეცა, საიდანაც 16 ბიზნესის მიმართულებამ მიიღო.