თბილისი (GBC) – „პუტინის მზარეულად“ წოდებულმა, კერძო სამხედრო კომპლექსის „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთში სულ მალე YouTube აიკრძალება, ხოლო ვინც ამ ქსელით აქტიურად სარგებლობს, „დამსახურებულად დაისჯება“. მისივე აზრით, დღემდე YouTube იმიტომ ვერ აიკრძალა რუსეთში, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება ამას, რომლებიც ფსონს რუსეთის დამარცხებაზე დებენ. პრიგოჟინის ეს კომენტარი ტელეგრამ არხზე მისი კომპანიის „კონკორდის“ პრეს–სამსახურმა გამოაქვეყნა, წერს რუსული გამოცემა kommersant.ru.

„მთავარი მიზეზი, რატომაც არ იკრძალება დღემდე YouTube–ზე წვდომა, არის ის უამრავი ადამიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომლებიც მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ – დროზე წააგოს რუსეთმა ომი, მოვიდნენ ამერიკელები და დაგვარეგულირონ“, – აცხადებს პრიგოჟინი.

„ამერიკელები ყველაფერს ვერ წაიღებენ, მერე ჩვენთან მოხვალთ, სადაც ვაგნერის ურო დაგელოდებათ“, – აცხადებს პრიგოჟინი.