თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ჩეჩნეთის ომი ის საბედისწერო შეცდომები იყო, რომლებმაც აგრესორს გზა გაუხსნა. „მე ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც დაუშვეს, რომ ისეთი აგრესიული ქვეყანა, როგორიც რუსეთია, მათ ტერიტორიაზე შესულიყო“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
„დიდი შეცდომაა, მისცე აგრესორს უფლება, რამე წაიღოს. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წლიდან დაწყებული. და მანამდეც კი, საქართველოზე თავდასხმისა და მისი ნაწილების ოკუპაციის დროს. და კიდევ უფრო ადრე, როდესაც მოხდა ჩეჩნეთის ოკუპაცია - სრული განადგურებითა და მილიონი მსხვერპლით, როგორც დაღუპულებით, ისე დაჭრილებით.
ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. სწორედ ამიტომ, ახლა არ მინდა ვიყო ის პრეზიდენტი, რომელიც გაიმეორებს ჩემი წინამორბედების ან სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს. მე მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც დაუშვეს, რომ ისეთი აგრესიული ქვეყანა, როგორიც რუსეთია, მათ ტერიტორიაზე შესულიყო", - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ პუტინს „კოცნითა და ყვავილებით“ ვერავინ შეაჩერებს და დათმობის პოლიტიკა მხოლოდ დროს აძლევს რუსეთს სამხედრო ძალების აღსადგენად.
"რადგან პუტინს კოცნითა და ყვავილებით ვერ შეაჩერებ, მე ეს არასდროს გამიკეთებია, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი გზა. ჩემი რჩევა ყველასთვის - ნუ მოიქცევით ასე პუტინთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, შემდეგ კი, ხუთ წელიწადში, ის აღადგენს თავის სამხედრო ძალას, გაზრდის ჯარისკაცების რაოდენობას, მისი არმია იქნება კარგად გაწვრთნილი. რადგან მან ბევრი კარგად გაწვრთნილი ადამიანი დაკარგა. ახლა ის თვეში 30–35 ათას ადამიანს კარგავს", - წერს ზელენსკი.