თბილისი (GBC) – სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორშაბათს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამშაბათს, 5 სექტემბერს, მთავრობის სხდომას იწვევს. 

სოჭიდან ხელცარიელი დაბრუნებული ერდოღანი მთავრობის წევრებს პუტინთან მოლაპარაკების საკითხებს გააცნობს, მათ შორის ძირითად საკითხს – მარცვლეულის გარიგების აღდგენას, რასაც პუტინი მხოლოდ რუსეთის მიერ წაყენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დათანხმდება.

მარცვლეულის გარიგების აღორძინების სანაცვლოდ რუსეთის ლიდერი დასავლეთს საკმაოდ მაღალ ფასს სთხოვს: რუსული როსსელხოზბანკის დაშვება SWIFT-ში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკისთვის სათადარიგო ნაწილების იმპორტის აღდგენა, სატრანსპორტო ლოგისტიკისა და დაზღვევის განბლოკვა, ტოლიატი–ოდესის ამიაკსადენის მუშაობის განახლება და სანქციებს დაქვემდებარებული რუსული კომპანიების აქტივების გათავისუფლება.

ერდოღანმა პუტინს მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობაც შესთავაზა. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აფასებს კოლეგის ამ წინადადებას, თუმცა ჯერ ვერ ხედავს ვერანაირ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის შეთანხმებაც შესაძლებელია რუსეთთან.