თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „სავსებით შესაძლებელი“ უწოდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, თუ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებზე უარს იტყვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში უთხრა. 

მისი თქმით, უახლოეს მომავალში აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დალაპარაკებას და მზადაა მასთან შეხვედრისთვის „ნებისმიერ დროს“, როცა ამას რუსული მხარე მოისურვებს. ტრამპმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა სურს, თუმცა, დასძინა – „ტანგოს საცეკვაოდ წყვილია საჭირო“. „ვნახოთ, რა იქნება“, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ პუტინს „ჭკვიან“ ადამიანად მიიჩნევს.

ამავე დროს აშშ–ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ინიციატივას დააყენებს. „აღნიშნულ საკითხს ვსწავლობთ“, – თქვა ტრამპმა. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს მოუწოდა, ხელი შეუწყოს რუსეთ–უკრაინის ომის დასრულებას. „მე ვუთხარი, თქვენ უნდა დაალაგოთ ეს. იმიტომ, რომ მას ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაუკეთებია. როგორც ჩვენ, მასაც დიდი ძალაუფლება აქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

Bloomberg–ის წყაროების მონაცემებით, ტრამპის მრჩევლები ახალი სასანქციო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ორი ძირითადი მიდგომა განიხილება. ერთია სანქციების შემსუბუქება რუსი ნავთობის მწარმოებლებისთვის, თუ ეს მშვიდობის დამყარებას დაეხმარება და თეთრ სახლში დაინახავენ, რომ საბრძოლო მოქმედებები უმოკლეს ვადაში შეწყდება. მეორე ვარიანტი სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, რათა მოსკოვი აიძულონ, შეწყვიტოს ომი.

Bloomberg–ის მტკიცებით, რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა შესაძლოა ითვალისწინებდეს მეორადი სანქციების უფრო გააქტიურებას , მათ შორის ევროპული სანაოსნო კომპანიებისა და აზიელი შემსყიდველების წინააღმდეგ, როგორებიცაა ჩინური და ინდური კომპანიები. სხვა შესაძლო მიდგომა გულისხმობს გადამწყვეტი ზომების გატარება იმ რუსული ტანკერების მიმართ, რომლებსაც ნავთობი დანიისა და თურქეთის სრუტეების გავლით გადააქვთ.

კრემლში კი განაცხადეს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში სანქციების გამკაცრება არ გაუკვირდებათ. „იმ პირობებში, როდესაც დიალოგისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ამერიკის ადმინისტრაცია განსაზღვრული პოლიტიკის დეკლარირებას ახდენს, ამ მხრივ ვითარება არსებითად ვერ შეიცვლება. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ აქ გადაჭარბებული მოლოდინები არავის არ უნდა შეექმნას. ვერანაირი საფუძვლიანი ცვლილებები ვერ მოხდება“, – აცხადებდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერი დმიტრი პესკოვი.