თბილისი (GBC) – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 7 თებერვლის დილით 64 ერთეული სხვადასხვა ტიპის რაკეტა და კამიკაძე დრონები გაუშვა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მტრის 44 სამიზნე გაანადგურა, აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრეს–სამსახურში. 

„7 თებერვლის დილით რუსეთმა უკრაინაზე რამდენიმე დარტყმა განახორციელა, რაშიც საჰაერო იერიშის საშუალებებს იყენებდა – მოიერიშე დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და მართვადი საზენიტო რაკეტები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის იერიშებს კიევში ორი ადამიანი ემსხვერპლა. ნანგრევებში შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი. პრეზიდენტის თქმით, კიევში სხეულის დაზიანებები დაახლოებით ათმა ადამიანმა მიიღო.

უკრაინის დედაქალაქში დაზიანებულია კომუნიკაციები, კერძოდ მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელები.

პრეზიდენტის თქმით, ხარკოვის ოლქში დაშავდა ორი ადამიანი. მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ლვოვის ოლქში მაშველები მუშაობენ. ნიკოლაევში ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა ათობით მოქალაქე.