თბილისი (GBC) - CNN წერს, აშშ-ში ქარბუქის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის განცხადებით, ნიუ-იორკში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ნეშვილში, მისისიპსა და სხვა დაზარალებულ შტატებში ელექტროენერგია შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს გათიშული.

აშშ-ში უამინდობის გამო 17 000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. აეროპორტების დიდი ნაწილი დახურულია. სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და კლივლენდში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სინოპტიკოსების ცნობით, აშშ-ში თოვლი, ქარბუქი, წვიმა და ყინვა მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

24 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქარიშხალს „ისტორიული“ უწოდა.