თბილისი (GBC) – უკრაინა შორი მოქმედების საკუთარი წარმოების რაკეტებზე მუშაობს და უკვე ახლოსაა მათ გამოყენებასთან, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენ სარაკეტო პროგრამას კარგი დინამიკა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული ამოცანაა, ნაბიჯ–ნაბიჯ ვუახლოვდებით საკუთარი რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას, რომ მხოლოდ პარტნიორების მიერ მოწოდებულ რაკეტებზე არ ვიყოთ დამოკიდებული“, – თქვა ზელენსკიმ ერისადმი საღამოს ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანად რჩება რუსეთის ჯარების, მათი ლოგისტიკის, მათი პოზიციების, არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ ხელმისაწვდომ სიღრმეში განადგურება.

მანამდე ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს სთხოვდა, კიევისთვის უფლება მიეცათ შორი მანძილის რაკეტებით რუსეთის აეროდრომები დაებომბათ, საიდანაც უკრაინის მიმართულებით რუსული სამხედრო ავიაცია აწარმოებს რეიდებს. მან აღნიშნა, რომ რუსული აეროდრომების და რაკეტების გაშვების ადგილების განადგურება კრემლს ომის გაგრძელებაში შეუშლის ხელს.

ამასთან, ზელენსკი გამორიცხავს, რომ ასეთი ქმედებები სამხედრო კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. მაგალითად მან აშშ–ის ნებართვა დაასახელა, ATACMS–ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე, შეზღუდულ სიღრმეში მიეტანათ იერიშები. „ამან ესკალაციამდე მიგვიყვანა? არა. პირიქით, პუტინს ომის გაფართოების შესაძლებლობა დაუბლოკა. პუტინს ჰქონდა რეაგირება? არა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.