თბილისი (GBC) - 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, აპლიკანტთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC).

უწყების მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 4 000-ით აღემატება. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატია რეგისტრირებული, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე - 29 000-ზე მეტი მონაწილე.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი ადასტურებს გამოცდებისადმი მაღალ ინტერესს. ამასთან, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, პარალელურად კი მზარდი ტენდენცია ფიქსირდება პროფესიული განათლების მიმართულებითაც.

რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილიდან 11 მაისამდე მიმდინარეობდა.

ცენტრი კანდიდატებს შეახსენებს, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების სიაში ცვლილებების (დამატება, წაშლა ან გადანაცვლება) განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.