თბილისი (GBC) – დასავლეთ საქართველოში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ თავად „ენერგო პრო ჯორჯია" წერს. მათივე თქმით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიის პიკზე, გურიის მასშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%. 

"მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.

აღდგენითი სამუშაობი ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.

ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგიით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება.

აჭარის აბონენტების უმეტესობა სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია", - ვკითხულობთ "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,შესაძლოა იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა, სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში".

ირაკლი კობახიძემ 27 თებერვალს გამართულ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.

ამასთან, მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში  - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.

სოფლის ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე მიეწოდებათ მედიკამენტები.

მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი ბრიგადა.