თბილისი (GBC) - 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა კლინიკასთან გააკეთა.
საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა.
დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
პარალელურად IPN იუწყება, რომ "მთავრობის წარმომადგენლები კავკასიის მედიცინის ცენტრში იკრიბებიან, სადაც კათოპლიკოს-პატრიარქი იმყოფება. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში (მაშინდელი ორჯონიკიძე) დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მისი სასულიერო გზა 1957 წელს დაიწყო, როდესაც ბერად აღიკვეცა.
იერარქიული სვლა და აღსაყდრება:
- 1963-1972 წწ: იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
- 1967 წელი: მოღვაწეობა განაგრძო აფხაზეთის ეპარქიაში.
- 1969 წელი: მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.
- 1977 წლის 23 დეკემბერი: საეკლესიო კრებამ ერთხმად აირჩია კათოლიკოს-პატრიარქად. მისი ინტრონიზაცია 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა.
ილია II-ის სახელს უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ (1990 წელს), ეკლესია-მონასტრების მასშტაბური აღდგენა-მშენებლობა, სასულიერო სასწავლებლების დაარსება და ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემა. პატრიარქის ინიციატივითვე დამკვიდრდა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.
ბოლო პერიოდში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი ჰოსპიტალიზაცია რამდენჯერმე გახდა საჭირო. თავდაპირველად იგი ჩაფიძის კლინიკაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მკურნალობა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განაგრძო.