თბილისი (GBC) - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი, (Lockheed C-130 Hercules) რომელიც გუშინ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა, მის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. აქედან ნაპოვნია 18 დაღუპული ადამიანის ცხედარი, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება. 

"მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.

ჩვენ შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მე დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას", - ამის შესახებ გეკა გელაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. 

შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღეს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოში სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული 20 სამხედროს ვინაობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა

დაღუპულთა შორის არიან: პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცრები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.