თბილისი (GBC) - ინდოეთმა და ევროკავშირმა დაასრულეს მუშაობა ისტორიულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, „ყველა შეთანხმების საწყისი“ (mother of all deals) უწოდა. ამის შესახებ The Guardian წერს.

„აღნიშნული დოკუმენტი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე წყვეტილი მოლაპარაკებების შედეგია. პროცესი განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დაჩქარდა და საბოლოოდ ორშაბათს გვიან ღამით დასრულდა", - წერს The Guardian.

შეთანხმების ეკონომიკური გავლენა

მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსთვის გახსნის ინდოეთის მასშტაბურ და ტრადიციულად მკაცრად დაცულ ბაზარს, განსაკუთრებული აქცენტით წარმოებასა და მომსახურების სექტორზე. დოკუმენტი ითვალისწინებს ბაზარზე წვდომის გამარტივებას ისეთი საკვანძო ევროპული პროდუქტებისთვის, როგორიცაა ავტომობილები და ღვინო, რის სანაცვლოდაც ინდოეთი მიიღებს შეღავათებს ტექსტილის, ძვირფასი ქვებისა და ფარმაცევტული ნაწარმის ექსპორტზე.

ევროკავშირის განცხადებით, შეთანხმება:

  • გააორმაგებს ევროკავშირის ექსპორტს ინდოეთში 2032 წლისთვის
  • გააუქმებს ან შეამცირებს ტარიფებს სავაჭრო საქონლის ღირებულების 96.6%-ზე
  • 4 მილიარდ ევროს დაუზოგავს ევროპულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით

„ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა დელიში ჩასვლის შემდეგ, სადაც სამშაბათს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის შეხვდა. „ჩვენ შევქმენით თავისუფალი სავაჭრო ზონა ორი მილიარდი ადამიანისთვის, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება“.

ინდოეთი, მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყანაა 1.4 მილიარდიანი მოსახლეობით. მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს იგი მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ეკონომიკა გახდება.

პრემიერ-მინისტრმა მოდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება მოიცავს გლობალური ვაჭრობის დაახლოებით მესამედს და მას „ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“ უწოდა.