თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კვლავ შვეიცარიაში შედგება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემდეგი შეხვედრაც ასევე შვეიცარიაში იქნება. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც დღეისათვის ვფლობ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფი დაბრუნდება და უფრო დეტალური ინფორმაცია მექნება, ვიდრე ახლა ტელეფონში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწორედ ევროპაში მიმდინარეობდა.

„ვფიქრობ, კარგი მომენტია ის, რომ შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას ყოველთვის ვამბობ ახლო აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ პატივისცემით, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ომი ევროპაშია, ადგილიც აქ უნდა ვეძებოთ“, - თქვა ზელენსკიმ.

18 თებერვალს დილით, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ჟენევაში უკრაინა-ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებას ეხება.

მოგვიანებით, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 18 თებერვალს მიმდინარეობდა, დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ჟენევაში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, იყო „მძიმე, თუმცა საქმიანი“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განხორციელდება.

შემდეგ მან დაამატა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე არასაკმარისად არის დამუშავებული პოლიტიკური საკითხები შესაძლო კომპრომისებისა და ლიდერების აუცილებელი შეხვედრის თაობაზე.