თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო. ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია.
მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, გალტ & თაგარტის მოლოდინით, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება.
დეველოპერების გაყიდვები
2024 წლის იანვარში გალტ & თაგარტმა ჩაატარა 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, სამშენებლო პროექტები რომელთაც ბათუმში აქვთ. მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს. გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 42.7%-ით შემცირდა 2024 წელს. გაყიდვების კლების მთავარი მიზეზი ადგილობრივებისგან და რუსეთის მოქალაქეებისგან შემცირებული მოთხოვნაა. სამომავლოდ, უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს.
მეორადი ბაზარი - რეგისტრირებული ტრანზაქციები
2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში მეორად ბაზარზე წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა. პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე.
ფასები
გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 2 - 3%-დან 1%-მდე შენელდა 2024 წელს.
ბაზრის ზომა
2024 წელს ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 977.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 4.1%-ით აღემატება, რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირებისა.
მიუხედავად ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ²) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ²) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ქირა
2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი ბათუმში როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენბელს. თუმცა, უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება.