თბილისი (GBC) – 2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 151 939 მგზავრმა ისარგებლა (2023 წლის იანვარი – 85 338 მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები, გასული წლის პერიოდთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა ( 2023 წლის იანვარი - 293 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.