თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.1%-იანი მატება.

2025 წლის იანვართან შედარებით ფასები 3.9%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.24 პ.პ-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.1%), რამაც 0.08 პ.პ შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8%) და რეზინის და პლასტმასის ნაკეთობებზე (2.9%). გარდა ამისა, ფასების 0.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე.

საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 30.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.64 პ.პ-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (36.5%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.63 პ.პ-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სასმელებზე (7.9%) და ძირითად ლითონებზე (6%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.73 პ.პ-ით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.06 პ.პ-ით იქონია გავლენა.