თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი), წინა წელთან შედარებით, 2.4 პ.პ.-ით შემცირდა და 9.4% შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2010-2024 წლებში.

2024 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პ.პ.-ით შემცირდა და 7.8% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.7 პ.პ.-ით შემცირდა და 11.9%-ს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ქალაქ-სოფლის მიხედვით, 2010-2024 წლებში.

2024 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 12.1% შეადგინა (-4.0 პ.პ.), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 9.3% (-2.1 პ.პ.), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 6.7% (-1.3 პ.პ.). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, შემცირებულია 2.4 პ.პ.-ით და შესაბამისად 9 და 9.8% შეადგინა.

2024 წელს მედიანური მოხმარების 60%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.9 პ.პ.-ით შემცირდა და 18.9% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.7 პ.პ.-ით შემცირდა და 6.7% შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია მედიანური მოხმარების 60%-ს და მედიანური მოხმარების 40%-ს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2010-2024 წლებში.

2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სახსრების მიხედვით, შემცირდა 0.02-ით და 0.35  შეადგინა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების და მთლიანი ხარჯების მიხედვით არ შეცვლილა და შესაბამისად 0.36 და 0.40 შეადგინა.